ქოცისტანის ცალბარკალა დევი - გუბაზ სანიკიძე » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
მასში თავმოყრილია მთელი ქართული ფოლკლორი - ვიზუალი დევის აქვს, მოხერხება ნაცარქექიის, ძილისადმი ტრფობა - მძინარე მზეთუნახავის და ტყუილის მიმართ ლტოლვა - ქოსატყუილის.

მოკლედ ასე. იყო და არა იყო რა, იყო ბიჭი გუბაზა, ადრეული ყრმობიდან გადაეშვა პოლიტიკის მორევში. უწიგნურობას ვერ დასწამებდი, სხვა თუ არაფერი მამის ნაწერი წიგნები რომ წაეკითხა - ისიც ეყოფოდა.

ასეც იყო, რასაც მამა წიგნებში წერდა, მას კარგად ახსოვდა და კარგადაც ყვებოდა და სახელიც დაიგდო მწიგნობარი კაცის, იმდენად რომ როცა კი კოლექტიური ოცნება ჩამორღვევის პირას დადგა, თვითონ რომან გოცირიძემაც კი ისა თქვა, „ოცნება“ წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე, წარმოიდგინეთ მათი სია რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატებისა და ფორუმის გასვლის შემდეგო...

გუბაზ სანიკიძემ წერაც იცის, კითხვაც და საქართველოს, რომის თუ საერთოდ მსოფლიოს ისტორიიდან კაი-კაი მაგალითების მოყვანაც. მაგრამ იმდენი ქნა თვითონ გახდა სამაგალითო.

ცხადია ისევ გამონათქვამებით, თორემ მისგან ნაკეთები საქმის მნახავი კაცი ჯერ არ დაბადებულა საქართველოში. ერთხელ თქვეს კიდეც რომ ის უბრალოდ კარგი თამადაა - ლაპარაკი ეხერხება. მაგრამ ამაშიც რომ არ ივარგა? აგერ პარლამენტის ვიცეთამადად (ვიცე-სპიკერად) დააყენეს და ძილში გამოღლიტა ეს საუკეთესო 4 წელი.

ალაგ-ალაგ მშვოდობაში თუ აწევდა თავს ბალიშიდან და იტყოდა ერთი-ორს. ხან მუჰამედ წინასწარმეტყველს უხსენებდა მარგველაშვილს, ხან დაასტუკებდა, უნდა ითქვას სამართლიანადაც, როგორც ეს ზვიად გამსახურდიას „დავიწყების“ შემთხვევაში მოხდა.

ეძინა პირდაპირი გაგებითაც (ზედ სხდომაზე) და ირიბადაც - გატრუნულ იყო გუბაზი იგი. არც მალავდა რომ ეძინა. უთხრა კიდეც ჟურნალისტებს, ახლა გამოვფხიზლდიო. მერე იქით მიტუქსა - ჩემი თემები არ გაინტერესებთ, მე სამხრეთის მიმართულებით ვმუშაობო. ოჰ, ეს ქართული მედია, ვერა და ვერ აჰყვა გუბაზის კომპასის ისრების რხევას...

მოკლედ, მძინარე „მზეთუნახავმა“ გუბაზამ გამოიძინა ხელისუფლებაში, ახლა წამოდგა, გაიზმორა და თანაპარტიელებთან ერთად გავიდა კოალიციიდან. მოკლედ, კოალიცია „სპალნა“ იყო - გამოიძინა, ადგა და გავიდა. ახლა ამბობს, არჩევნებში დამოუკიდებლად გავალთო. ეგ რა კოალიციაა, ფორმალურადღაა კოალიცია, თორემ დაშლილიაო. ეს ყველაფერი ახლა მოხდა, მაგრამ რა იყო ამ ძილქუშამდე?

მილიარდელი ივცანიშვილის პოლიტიკის ცის კაბადონზე გამოჩენამ ტონუსი აუმაღლა გუბაზს. არა, ივანიშვილი, თავიდანვე არ ეპიტნავა, აკი თქვა კიდეც მერე - თავიდანვე ვიცოდი რაც იყოო. რაც თქვა იმას აქ არ გავიმეორებ, გეხსომებათ იმ ფარული ჩანაწერებიდან... მაგრამ როგორ ვენდო თქვენ მეხსიერებას, მაშინ როცა თავის დროზეც სათანადოდ არ შეუშვით ყურებში?

არ შეუშვით ყურებში რასაც იგი ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდა - გულწრფელად და ენდეთ იმას, რასაც გატყუებდათ - კარდაკარ რომ დადიოდა და გტენიდათ ზღაპრებით. არადა ხელთ სრული ინფორმაცია გქონდათ:

თქვენი ყურებით მოისმინეთ როგორ ზრუნავდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელზე.

თქვენი ყურებით მოისმინეთ როგორც აგინებდა ბიძინა ივანიშვილს, ბერას, როგორ უადგილოდ და გულისამრევად ახსენებდა... რა ლექსიკით იგინებოდა და რას გაიძახოდა: „მაგას რაც უფრო წაუწვები“, „რომ წავუწვე, რაზე წავუწვე“...

ეს ყველაფერი მოისმინეთ და რა დასკვნა გამოიტანეთ? რომ ეგ თქვენი ნაოცნებარი კოალიცია რა ჯადომ გააერთიანა? ეს პირადი სიძულვილი ამ ხალხს რა ძალამ დაათმობინა? ქვეყნის გადარჩენის სურვილმა?

იქნებ ესეც იფიქრეთ, მაგრამ მაგ ყურებმა ვერ მოისმინა მისი ალალი სიტყვები, რას ეუბნებოდა გელოდის და რას ელოდებოდა? „გელოდი ჩვენ ფული უნდა ვიშოვოთ! მაყუთი უნდა ვიშოვოთ რა! არც კარიერა მინდა, არც პრეზიდენტობა, არაფერი, მაგის დედაც მოვ....ნ, მაგას არ გადავაყოლო ჩემი ცხოვრება, ფული უნდა ვიშოვოთ რა! მილიონერი უნდა გავხდე“!

მართალია, ეს თქვენ არ გითხრათ, გელოდის უთხრა, მაგრამ თქვენ ხომ მოისმინეთ? და რაღას ელოდით მისგან, რომ გაქანდით და ხმა მიეცით?

ეს არ დაიჯერეთ და ის ზღაპრები კარგად დაიჯერეთ, რასაც გიყვებოდათ. ხომ დაიჯერეთ, ქუთაისში რომ წიწილა იკვლება და იწვება, ცალი ბარკალი მიშასიაო?

დაიჯერეთ რომელია, ისე დაიჯერეთ რომ კარგა ხანს არც წიწილა, არც ვარია და არც დედალი აღარ წარმოგედგინათ 2 ბარკალზე. და ახლა როგორ გიკითხოთ? ამოუვიდა მიშას მოგლეჯილი ცალი ბარკალი თქვენ დედლებს?

ისიც დაიჯერეთ, რომ ოქტობრის ბოლოდან გადასახადები გაგინახევრდებოდათ, რომ იმხელა გადასახადები მიშას ქურდული წილის გამო იყო, რომ თურმე დენი 17 თეთრი კი არა, 7-8 თეთრი უნდა ღირებულიყო.

აბა როგორ გიკითხოთ, გაჩახჩახდით 7 თეთრიანი დენით? თვალებს ხომ არ გჭრით? ან პენსიეზე როგორ გიკითხოთ? ახერხებთ დახარჯვას? აი, იმ პენსიებზე გეკითხებით, საარსებო მინიმუმს რომ უნდა გატოლებოდა და 2013 წლიდანვე რომ უნდა გადახედილიყო ეს საარსებო მინიმუმი და 220 ლარი რომ უნდა გამხდარიყო - მინიმალური პენსიაც და საარსებო მინიმუმიც.

და ამ მინიმალურ პენსიას რომ ზემოდან კიდევ დანამატები რომ უნდა დამატებოდა და 250-300 ლარი უნდა გამხდარიყო?

ახლა მაინც ხვდებით როგორი ქოსატყუილა ყოფილა ეგ თქვენი ცალბარკალა დევი გუბაზა იმ ბრძენ კაც ბიძინასთან ერთად? მაშინ ერთად მოგატყუეს, ახლა ცალ-ცალკე მოგატყუებენ.

ახლა თქვენ დაასრულეთ ესე ზღაპარი - სადაა ჭირი და სად ლხინი და სად კიდევ წიწილის ცალი ბარკალი!скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.