„ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი“ » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" გახსნა, რომელიც საქართველოში, 6-7 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციის ფარგლებში ქვეყნის პირველ პირსა და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს შორის დისკუსია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა.

სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგებსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და ქვეყანაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ბევრს მიაღწია, ჩვენ გავზარდეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ქვეყანა, ასევე მონაწილეობს დისკუსიებში, რომლებიც ეხება ამ რეგიონში სამომავლო სტაბილურობას.

"ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტი იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი პროგრესი არ იყო სწრაფი როგორც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ პროგრესი არ შეჩერებულა", - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიიჩნევენ მართლაც მნიშვნელოვან პარტნიორად, როცა საქმე ეხება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რადგან ჩვენი ქვეყანა შავ ზღვაზე მდებარეობს.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მიღწევა დაგვიგროვდა. თუმცა, ამჟამად NATO-სთვის და ზოგადად, რთული პერიოდია. ვარშავის სამიტზე დავინახეთ, რომ NATO-ს, როგორც ალიანსს, ლიდერის პოზიცია უკავია თავდაცვის კუთხით, თუმცა ის გამოწვევების წინაშე დგას. საქართველომ ბევრს მიაღწია. დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შესახებ დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა, რაც სამწუხაროა ყველასთვის. მსგავს საკითხებზე დიალოგმა კი უნდა მიგვიყვანოს პასუხამდე, თუ როგორ შექმნას NATO-მ უსაფრთხოება მსოფლიოში," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის გაჭიანურება ევროკავშირის შიგნით არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

„პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და მას უფრო დატვირთული ევროპული დღის წესრიგი ექნება.

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიული ძალისხმევა.

„ეს იყო ის მომენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მთავრობა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური ადამიანების მიერ ხმის მიცემით. ეს იყო მშვენიერი გამოცდილება. არჩევნები უნდა გაიმართოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ ჩაერთონ და დიდი ყურადღებით დააკვირდნენ ამ პროცესს. ჩვენ ეს დაგვეხმარება, როგორც ქვეყანას, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები... წინა არჩევნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო სახელისუფლებო ცვლილების თვალსაზრისით, დღევანდელი არჩევნები კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია - ჩვენ საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტი უნდა ვაჩვენოთ. 2012 წელს ხალხი აკეთებდა არჩევანს შავსა და თეთრს შორის, ახლა კი ხალხი გააკეთებს თავისუფალ არჩევანს.

ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ჩვენ გვსურს, რომ გადავიდეთ ევროპულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგან ამომრჩევლები მიჩვეულები არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ვსაუბრობთ სამყაროს აღსასრულზე. ამგვარი გარემო ახლა უკვე არ არსებობს და არ არის ასეთი ტრაგიკული არჩევანის წინაპირობა. ასევე, პოლიტიკოსები მიჩვეულები იყვნენ ამგვარ რიტორიკას, ისინი საუბრობდნენ შავ-თეთრ ფერებში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კურტ ვოლკერის კითხვაზე, რა უნდა იცოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებმა და რა გზავნილი ექნება მათდამი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა:

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის, თავისუფლების, დემოკრატიისა და სტაბილურობის ცნებების დასაცავად. ეს მართლაც ასეა და ვლინდება კიდეც. ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.