„მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას“ » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
„როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოში არსებულმა მიმზიდველმა ბიზნესგარემომ შესაძლებელი გახადა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

“დღეს ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების დაფასებული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომლებიც სრულად ამოქმედდა ორი თვის წინ. გარდა ამისა, ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს იმიჯს, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ დეპრესიას თუ არა, მნიშვნელოვან შეფერხებას: 2015 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,8 პროცენტით, ხოლო 2016 წელს მოსალოდნელია, სულ მცირე, სამპროცენტიანი ზრდა,”-განმარტა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფაა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს საგადასახადო სისტემის, კაპიტალის ბაზრის, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის სფეროთა რეფორმები.

პრემიერმინისტრმა საქართველოს, როგორც ახალი საზღვაო ცენტრის, როლზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საზღვაო ინდუსტრიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელიც არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მიზნად დაასახელა საქართველოს გარდაქმნა აყვავებულ სატრანზიტო ქვეყანად, რომელიც წარმატებით უყენებს თავის მდებარეობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი.

“საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ჩვენ ძირფესვიანად შევცვალეთ ჩვენი მეზღვაურების განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა. საქართველომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს აუდიტორული შემოწმება. ჩვენი საზღვაო ტონაჟი იზრდება მაღალი ხარისხის გემების ხარჯზე. სამომავლოდ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას პანამაქსის ტიპის გემებისთვის,”-აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა მალტის ელჩი საერთაშორისო საზღვაო სფეროში კარმენ ვასალო.

საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები.

პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში, საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ჩატარდა. ღონისძიების მასპინძელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.

წყარო: news.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.