ნიკოლოზ ფიფია: „მინდა, ხალხმა ისე შემიყვაროს, როგორც ჩემი საყვარელი ჩარლი ჩაპლინი“ » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
7 წლის ნიკოლოზ ფიფიას ცეკვამ „ნიჭიერის“ მაყურებლისგან – დიდი სითბო, ნიკა გვარამიასგან კი ოქროს ღილაკი დაიმსახურა… „მის ცხოვრებაში ცეკვა ყველაფერს ნიშნავს, სიარულის დროსაც კი ცეკვავს. 3 წლის იყო, ცეკვა რომ დაიწყო. ინტერნეტში უყურებს ვიდეოებს და ასე სწავლობს ილეთებს,“ – ჰყვება ნიკოლოზ ფიფიას დედა, ეკა ჭონქაძე. Funtime-ს ნიკუშამ საკუთარ სახლში უმასპინძლა…

– ელოდით, ნიკოლოზის გამოსვლას ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა?
– ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ნიკოლოზისთვის მაყურებლის წინაშე გამოსვლა პირველი უნდა ყოფილიყო. მეგონა, დაიბნეოდა და არ იცეკვებდა. ნამდვილად არ ველოდი, ამხელა ყურადღებასა და სითბოს თუ დაიმსახურებდა. მის ცხოვრებაში ცეკვა ყველაფერს ნიშნავს, სიარულის დროსაც კი ცეკვავს. 3 წლის იყო, ცეკვა რომ დაიწყო. ინტერნეტში უყურებს ვიდეოებს და ასე სწავლობს ილეთებს.

– რას გეუბნებათ, რა მოლოდინი აქვს პროექტში?
– მოსწონს „ნიჭიერში“ მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ ხალხის სიყვარულს ელოდება. უნდა, რომ გაუღიმონ, სიყვარული და სითბო აჩუქონ… ამხელა სითბო დევს ამ პატარა ბავშვში!

– როგორი ხასიათების ბიჭია?
– ძალიან საყვარელი, თბილი, მოუსვენარი და საოცრად ცელქი! ამასთანავე, ჭკვიანი და მგრძნობიარე. თავისუფალ დროს უსმენს მუსიკას და წიგნის კითხვაც ძალიან უყვარს. წლისა და 9 თვის ძმა ჰყავს, რომელზეც ძალიან ზრუნავს. მის მოვლაშიც კი მეხმარება. უყვარს, როცა ანდრიას სიმღერას ან ცეკვას ასწავლის.

– თქვენთან ერთად ვინ გულშემატკივრობს ნიკოლოზს?
– პატარა ძმა, ნათესავები, მეგობრები. მამა შორიდან გულშემატკივრობს, რადგან ჩვენ ერთი წელია, ერთად აღარ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ორ პატარა ანგელოზს მარტო ვზრდი.

Funtime ნიკოლოზსაც გაესაუბრა…

– ნიკოლოზ, მოგეწონა სცენაზე გამოსვლა?
– ძალიან; არ ველოდი, თუ პროექტში ამხელა სითბოსა მაჩუქებდნენ. ოქროს ღილაკს კი არა, მომდევნო ტურში თუ გადავიდოდი, ესეც არ მეგონა. მინდა, ქუჩაში ხალხი დაცინვის გარეშე მიღიმოდეს და ისე შემიყვაროს, როგორც ჩემი საყვარელი მსახიობი ჩარლი ჩაპლინი უყვართ დღემდე.

– ცეკვის გარდა, სხვა რა გატაცება გაქვს?
– დედას დღემდე ვეხვეწები, რაგბიზე შემიყვანოს. ცურვაც ძალიან მიყვარს. მინდა, საბავშვო ფილმში გადამიღონ. ცეკვა 3 წლიდან დავიწყე, თუმცა დედა რატომღაც ხალხურ სიმღერაზე მატარებდა.

წყარო:http://funtime.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.