„ვაქცინები მოქმედებს, აცერი და დაიცავი“ - ევროპის იმუნიზაციის კვირეული იწყება » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად პრესკონფერენცია სლოგანით „ვაქცინები მოქმედებს, აცერი და დაიცავი“ გაიმართება.

შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, 2007 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი.

მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, სერთიფიცირებულია როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისაგან თავისუფალი ტერიტორია.

1988 წლიდან 2015 წლამდე პოლიომიელიტით დაავადებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 99%-ით იკლო, რაც ნიშნავს 350 000 შემთხვევის 74 შემთხვევამდე შემცირებას.

წითელასა და წითურას ელიმინაციის ევროპის რეგიონული ვერიფიკაციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნების მიხედვით, 2016 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 37 ქვეყანაში შეწყდა ენდემური წითელასა და/ან წითურას გავრცელება.

მიუხედავად მიღწევებისა, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან ყოველწლიურად, ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში 10.7 მილიონი ახალშობილიდან 650,000 არ იღებს დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას საწინააღმდეგო აცრების სამდოზიან კურსს ერთი წლის ასაკამდე, 2015 წელს გლობალურად დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 134 200 შემთხვევა - თითქმის 367 შემთხვევა დღეში ანუ 15 შემთხვევა საათში.

2017 წლის იანვარში ევროპის რეგიონში ა 559 წითელას შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 474 დაფიქსირდა 7 ენდემურ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, საფრანგეთი, შვეიცარია).

2017 წლის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წითელასა და წითურას ელიმინაციის, პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის პროცესში მიღეწეულ პროგრესს და არსებულ გამოწვევებს.

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული 10 ვაქცინის შესყიდვას, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასევე სრულად არის დაფინანსებული კალენდრით გათვალისწინებული 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ვაქცინების მაღალი ხარისხის გარანტირებისათვის სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე სერთიფიცირებულ ან/და დასავლეთის ქვეყნებში რეგისტრირებულ ვაქცინებს.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა.

2017 წლის ბოლოს საქართველოში დაიწყება ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა. აცრები ჩატარდება 9 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნული ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

2016 წელს შეიქმნა პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია (რომელიც მუშაობს IOS და Android პლათფორმებზე), რომელიც საშუალებას იძლევა მიიღოთ ინფორმაცია აცრების კალენდრის, ვაქცინების, უკუჩვენებების, გაფრთხილებების და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ.

აპლიკაციის ერთერთი ფუნქციაა მომავალი აცრების ვადების შეხსენება. უფასო აპლიკაციის ჩამოსატვირთად App Store-ში ან Google Play-ში აკრიფეთ სიტყვა ,,აცრები“ ან ეწვიეთ ვებ გვერდს www.ncdc.ge, სადაც განთავსებულია აცრების ეროვნული კალენდარი და მიჰყევით ბმულს.

скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.