„ქმარმა დედამთილის დახმარებით გამაუპატიურა“ – ქართველი კონკიას ისტორია » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
21 წლის ანი ჩემი ახლობლის ოჯახში გავიცანი. გოგონები რომ შეიკრიბებიან ხოლმე და თავის სასიყვარულო ისტორიებს ყვებიან, დაახლოვებით ასეთი სიტუაცია იყო. აღმოვაჩინე, რომ ანი 47 წლის მამაკაცზეა შეყვარებული. ინტერესი, მათი ურთიერთობის მიმართ, თავისთავად გაჩნდა და ვთხოვე ჩემი რესპონდენტი ყოფილიყო. ერთი პირობით დამთანხმდა, რომ მის ვინაობას არ გავამხელდი. პირობას ვასრულებ, შესაბამისად, ჩემი რესპონდენტის სახელი შეგნებულად შევცვალე.
ნინო მჭედლიშვილი
– ანი, იქიდან მომიყევი შენი ამბავი, როცა შენი, როგორც ქალის ცხოვრება დაიწყო.
– როგორც ცოლის თუ როგორც საყვარლის?
– როგორც ცოლის.
– 13 წლის ასაკში დაიწყო ჩემი ცხოვრება, როგორც ცოლის. მაშინ რაიონში ვცხოვრობდი. ღამით მასწავლებლისგან მოვდიოდი, როცა ბიცოლაჩემმა მოტყუებით ჩამსვა ჩემი მომავალი მეუღლის მანქანაში.
– ეს რატომ გააკეთა, არასდროს მოგითხოვია მისთვის პასუხი?
– რაღა უნდა მოვთხოვო, კვდება. იმედია, მალე მოკვდება… წამიყვანა ჩემმა მომავალმა მეუღლემ სახლში. სახლში რომ არ დავბრუნდი, ბებიამ მამაჩემს დაურეკა, ბავშვი არ მოსულაო. დაიწყეს ძებნა. ყველამ გაიგო, რომ გავთხოვდი, მათ შორის ჩემმა შეყვარებულმაც, რომელიც 30 წლის იყო.
– როგორც ჩანს, შენზე ასაკით დიდი მამაკაცები თავიდანვე გხიბლავდა.
– ეს ბიჭი რომ „დამეკერა“, ჩემთვის სპორტული ინტერესი იყო. დედაჩემი მეუბნებოდა, ეგ ბიჭი შენ არ შემოგხედავსო. მამაჩემი თვალებს უბრიალებდა დედას, ამას ნუ ეუბნები, თორემ ხომ იცი გააკეთებსო. მოკლედ, ვიჩალიჩე და დავუმტკიცე დედას, რომ შემომხედავდა. ერთხელ, დამინახა დედაჩემმა ამ ბიჭის მანქანაში რომ ვჯდებოდი და მამას უთხრა. მამაჩემმა სცადა გამოვეტეხე. მე ვაღიარე, რომ მიყვარდა. მალე დედაჩემს ვიღაც უცხო ქალი დახვდა და უთხრა, შენმა გოგომ თავი დაანებოს ამ ბიჭს, მალე ქორწილი აქვსო. გაგიჟებული მოვიდა დედაჩემი სახლში, მომიყვა ყველაფერი, ხომ ნახე როგორ გამოგიყენაო, მითხრა. მე ვერავინ გამომიყენებს-მეთქი, ვთქვი, დავურეკე ჩემს შეყვარებულს და ვუთხარი, ახლავე მოდი ჩემს სახლთან-მეთქი. მოვიდა, ჩავუჯექი მანქანაში და ვუთხარი, უნდა აირჩიო, ან ის გოგო და ან მე-მეთქი. ჩაშალა ქორწილი… რომ გავთხოვდი, ჩემი შეყვარებული და მამაჩემი ერთად მეძებდნენ. დილით მიპოვნა მამაჩემმა. ზუსტად ვიცოდი, მამაჩემს რომ გაეგო, ძალით წამიყვანა, მოკლავდა. იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი. იმ დღესვე დედამთილმა ასეთი სიტყვები მითხრა, აქ მე ვარ „გლავნი“ და შენ ვერ იბლატავებო. ბლატაობას არც ვაპირებდი. მეორე დილითაც შემოვიდა საძინებელში და მეუბნება, როდემდე უნდა იწვე, ადექი, ტრაკი გაანძრიე, გუშინდელი თეფშები გარეცხეო. დედას ვეძახდი, ასე უნდოდა რომ მიმემართა, ხალხში კარგი დედამთილის იმიჯი რომ ჰქონოდა. იმ დღესვე გამაცნო ჩემი მოვალეობები, რომ დილით ყავა, ჩაი უნდა მივართვა, ძროხას, ღორს მივხედო, ქათმებს ვაჭამო.
– ასეთ ცხოვრებას მიჩვეული იყავი?
– არა. სახლში სწავლის მეტს არაფერს ვაკეთებდი. დილის ექვს საათზე ადგომა ძალიან მიჭირდა. ძალიან მწარედ მახსოვს ჩვენი თანაცხოვრების სამი თვე. საწოლში ჩაცმული ვწვებოდი. როცა ადამიანი არ გიყვარს, მასთან სექსიც არ გინდა.
– მაშინ უკვე იცოდი რა იყო სექსუალური ცხოვრება?
– არა. თან ჩემი შეყვარებული ჩემი სახლის წინ ხშირად დადიოდა მანქანით. მითვალთვალებდა, აინტერესებდა, როგორ ვიყავი. მე მათხოვარივით დავდიოდი, დახეული ტანსაცმლით. არ მაძლევდნენ უფლებას ჩამეცვა ჩემი ტანსაცმელები, რაც დედაჩემმა მომიტანა. მოტკეცილიაო, ზოგი მოკლეაო, დეკოლტეაო, მაზლი გაბრაზდებაო, ამბობდა დედამთილი. ჩემი ტელეფონი ჩამომართვეს, გაყიდეს და იმ ფულით „დივან-კრესლო“ იყიდეს. თან დამძახოდნენ, მამაშენმა რატომ არ გამოგამზითვა, ხომ არ უჭირსო.
– სკოლაში დადიოდი?
– არა, არ მიშვებდნენ. სწავლა თუ უნდოდა, აქ რას მოეთრეოდა, სახლში გადგებულიყოო, ამბობდა დედამთილი. ვიჯექი და ვუვლიდი ოჯახს. ერთ საღამოსაც, ძროხა მიმყავდა გადასაბმელად და გამექცა. ამ დროს ერთმა ჩემმა ნაცნობმა გამოიარა. მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, მომესალმა, რას გავხარო, მეუბნება, მათხოვარს დაგამსგავსეს, არ მოგბეზრდა ასეთი ცხოვრება, გაიქეცი, თავი დააღწიე ამ უბედურებასო. ამ გოგოს სიტყვებმა დამაფიქრა.
– ისე გამოიქეცი, რომ ქმართან არ წოლილხარ?
– თვე-ნახევარი ურთიერთობა საერთოდ არ გვქონია. ჩემი დედამთილი ყოველდღე შემოდიოდა ჩვენს საძინებელში და საწოლს ამოწმებდა. ერთ დილასაც მესმის როგორ ეჩხუბება ჩემს ქმარს, რა ხდება, შერცხვენილი ქალი მომიყვანე, რატომ არ არის სისხლიანი ლოგინიო. ყველას არ მოსდის სისხლიო, აუხსნა შვილმა. მეორე დღეს თბილისში წამიყვანა დედამთილმა გინეკოლოგთან, არ ფეხმძიმდება, ბერწიაო, ეუბნება ექიმს. ნახა ექიმმა ქალიშვილი ვიყავი და უთხრა დედამთილს. ჩამოვიდა და ჩემს ქმარს ეუბნება, კი მაგრამ ეს გოგო მეზობელს მოუყვანე, მოსახდენი უნდა მოხდეს, თუ არ მოხდება წავაო. მიხვდა, რომ მარტო მისი შვილი ვერაფერს გახდებოდა და გადაწყვიდა დახმარებოდა შვილს ალქაჯის დაბმაში. დედა მაკავებდა, შვილი თავის საქმეს აკეთებდა. ვყვიროდი, დედამთილს ვკბენდი… შუაღამისას გავიპარე და ჩემს ყოფილ შეყვარებულს შევხვდი. ეს შეხვედრა მეზობლისგან ინტერნეტით დავგეგმე. სულ ერთი მესიჯი მივწერე „ოდნოკლასნიკზე“ და დამხვდა. წამომიყვანა შეყვარებულმა თბილისში. ცოტა ხანს ვცხოვრობდი ნათესავთან. მერე დავბრუნდი ბებიასთან სოფელში, იქ სწავლის გაგრძელება შემომთავაზეს. დავბრუნდი სკოლაში. კარგად ვსწავლობდი ყოველთვის, აქტიური მოსწავლე ვიყავი, ღონისძიებებშიც ვიღებდი მონაწილეობას. დირექტორი თვითონ მოვიდა და წამიყვანა სკოლაში. თან დამამშვიდა, ნუ გეშინია, არავინ არაფერს არ გაგრძნობინებსო. მართლაც ასე მოხდა. ერთმა მასწავლებელმა მითხრა მხოლოდ, ნახმარ ქალებს სკოლაში რა უნდათო. ვალში არ დავრჩენილვარ, საყვარლიან ქალებს რა უნდათ სკოლაში-მეთქი, ვუთხარი. ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა.
– მშობლები როგორ შეგხვდნენ?
– მაშინ მშობლები უკვე თბილისში ცხოვრობდნენ, მე ბებიასთან მარტო ვიყავი. უნივერსიტეტში ჩაბარებაზე არც მიფიქრია, ეს დიდი ფუფუნება იყო ჩემთვის. ისევ სკოლის დირექტორმა მირჩია, სცადე, კარგად სწავლობდი ყოველთვის, იქნებ გაგიმართლოსო. ვცადე და ჩავაბარე ბიზნესის ფაკულტეტზე. ბარგს ვალაგებდი ჩემოდანში, მეორე დღეს თბილისში მივდიოდი, ჩემმა ყოფილმა ქმარმა რომ დამირეკა, ჩამოდი დაბლა, თორემ მანდ ამოვალო. იცოდა სახლში ორი მოხუცი და პატარა ბავშვები, ჩემი დები მყავდა მარტო. ვუთხარი, თუ ეზოში შემოხვალ, ბაბუაჩემის სანადირო თოფს გადმოვიღებ და გესვრი-მეთქი, თან ბაბუაჩემიც გავაღვიძე. ავიღე თოფი და გავედი. მსროლელი ვიყავი, რომ შემოსულიყო. ბებიაჩემი ყვიროდა, არ ესროლოო. ეს ამბავი მშვიდობიანად რომ დამთავრებულიყო, დედამისს დავურეკე, წაიყვანე შენი შვილი, მე ხომ ბოზი ვარ, რა უნდა ჩემგან-მეთქი. ათ წუთში მოვიდნენ და წაიყვანეს. მეორე დღეს მე თბილისში წამოვედი. ჩემს ყოფილ ქმარს ცოლი მოუყვანეს.
– ისიც შენსავით ხომ არ გააუპატიურეს?
– არ დასჭირვებიათ. გაბერილი მუცლით მოიყვანა ქალი, კაცობის სირცხვილის ჩამორეცხვა უნდოდა, არც უკითხავს ვის შვილს ელოდებოდა მისი ცოლი. ამის მერე კიდევ მწერდა, მაინც ვერ დაგივიწყე, იქნებ კიდევ გვეცადაო… სწავლის პარალელურად ვმუშაობდი, სწავლის საფასური რომ გადამეხადა. არაფერი მითაკილია, მარკეტშიც ვმუშაობდი, ბინებსაც ვალაგებდი, იმისთვის, რომ გზის და საჭმელის ფული მქონოდა. მაშინ უკვე ქირით ვცხოვრობდი. უნივერსიტეტში განცხადებას ვწერდი ხოლმე და სწავლის ქირას ბევრ ნაწილად მიყოფდნენ. ერთი ნაწილი ჩემმა ლექტორმა გადაიხადა.
– რატომ?
– კარგად ვსწავლობდი მის საგანს. პირველ კურსზე უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. მერე ვუთხარი, რომ აკადემიური უნდა ამეღო და მიზეზი მკითხა. რომ გაიგო ფინანსური პრობლემები მქონდა, თვითონ გადაიხადა. დღემდე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მის ოჯახსაც ვიცნობ.
– მის მერე არავინ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, ვინც სითბოს განახვებდა, შეგიყვარებდა, ფინანსურ პროპლემებს შეგიმსუბუქებდა?
– გამოჩნდა. ეს ადამიანი სულ ჩანდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი მეზობელი იყო, უბრალოდ, მანამდე მხოლოდ ვესალმებოდით ერთმანეთს. დილით უნუვერსიტეტში რომ მივდიოდი, თვალს გავაპარებდი ხოლმე, ყოველთვის მომწონდა. ერთხელ, სამსახურიდან მოწყენილი მოვედი. გოგოებმა ვიმუშავეთ და ფული არ გადაგვიხადეს. გვიანი იყო, კიბეებზე ვიჯექი. მოვიდა და მკითხა, რა დაგემართაო. არაფერი-მეთქი ვუპასუხე. დახმარება შემომთავაზა, უარი ვუთხარი. ასე გავიცანით ერთმანეთი. მეორე დღეს კიდევ რომ გამომელაპარაკა, აღარ ვუღრენდი. ვიფიქრე, მომწონს და რატომ უნდა ვუღრენდე-მეთქი. მალე კაფეში დამპატიჟა.
– შენ გამოიწვიე?
– ორივე ერთმანეთს „ვკერავდით“. 25 წლით უფროსია ჩემზე. 47 წლის არის. ჩემი ასაკის ბიჭები არასდროს მომწონდა. ყოველთვის ასაკით ჩემზე ბევრად დიდი კაცები მიზიდავდა.
– ცოლი ჰყავს?
– კი, შვილებიც. პირველად სიყვარული რომ ამიხსნა ნასვამი იყო. ეს მის სახლში მოხდა. დამირეკა, ამოდიო. მისი ოჯახის წევრებიც სახლში იყვნენ. საძინებელში სინათლე ენთო. იმდენად უცნაური ადამიანია, როდესაც საძინებლის კარს მოიხურავს, ოჯახის წევრებმა იციან, რომ არ უნდა შეაწუხონ. არ ვიცი როგორ მეყო გამბედაობა, მის საძინებელში შევსულიყავი. ჩვენ იტალიური ტიპის ეზოში ვცხოვრობდით და მის ოთახს ცალკე შესასვლელი ჰქონდა. მოვახერხე და ისე შევედი, არავის დავუნახივარ. იმ პერიოდში ვიღაც აბეზარი თაყვანისმცემელი ჩამომაშორა. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით. მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. არ უნდა მაკოცოო, მკითხა. გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. ასე არაო, შემისწორა და ვნებიანად მაკოცა ტუჩებში. იმ წამიდან მივხვდი, რომ ეს კაცი მიყვარდა. დღეს დარჩი ჩემთანო, მთხოვა, ცოლ-შვილი აგარაკზე არიან, ჩემი მშობლები და დედმამიშვილები არიან მარტო სახლშიო. აქ ვერ დავრჩები-მეთქი, ვუთხარი. არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ მინდა ვილაპარაკოთო, არ მომეშვა. დავრჩი. მთელი ღამე იატაკზე ვისხედით და ვლაპარაკობდით. მეორე დღეს ისევ დამირეკა, ჩემთან ამოდიო და ეს უკვე ჩვეულებად იქცა. მაშინ მივხვდი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი. ასე გრძელდება დღემდე. მფარველობს, მპატრონობს, თუ ვინმე მაწუხებს, უმალ აგვარებს პრობლემას. ზოგჯერ არც ვეუბნები, რამე რომ მიჭირს, იმდენად ხელგაშლილია.
– რას უმალავ?
– მაგალითად იმას, რისთვის დავდივარ ინდოეთში.
– რისთვის დადიხარ?
– დონორი ვარ, კვერცხუჯრედებს ვაბარებ, იმისთვის, რომ სწავლის ფული გადავიხადო. ეს რომ მეთქვა, ამ ფულსაც თვითონ გადამიხდიდა. ვუთხარი, დასასვენებლად მივდივარ-მეთქი. თვითონ გამაცილა. მაღაზიაში რაიმეზე რომ გამექცეს თვალი, მაშინვე მიყიდის. ამიტომ ვცდილობ, რამე რომ მომეწონება, არ შევიმჩნიო, ვუფრთხილდები, მიყვარს. მის ოჯახზეც ვფიქრობ, უფრო სწორად შვილებზე. ცოლი რომ არ უყვარს ეს ვიცი, მაგრამ შვილების გამო არასდროს მითქვამს მისთვის ოჯახი მიატოვე და ჩემთან იცხოვრე-მეთქი. სხვისი უბედურების ხარჯზე ბედნიერება არ შემერგება. მარტო ცოლი რომ ჰყავდეს, უკან არაფერზე დავიხევდი. ნანახი მაქვს, როგორ ელოდებიან ბავშვები ფანჯარასთან საღამოობით, როდის მოვა სამსახურიდან. ერთხელაც რომ აღარ მივიდეს მამა, ძალიან ეტკინებათ გული. დღეს მამასთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა. ამ ადამიანში ორი მამაკაცი ვიპოვე, მამა და საყვარელი.
– რაიონში აღარ ჩადიხარ ხოლმე?
– კი, ბავშვებთან, ჩემს პატარა დებთან, მათაც მე ვპატრონობ.
– რას საქმიანობს შენი საყვარელი, ორი ოჯახის რჩენა რომ არ უჭირს?
– ორ ოჯახს არ არჩენს. ერთ ოჯახს არჩენს და ერთი ქალის კაპრიზებს აკმაყოფილებს (იღიმება). იცის, რომ გავიგო, ცოლს რამე უყიდა, მეწყინება და გავიბუტები.
– იქნებ ჩუმად ყიდულობს?
– გამორიცხულია. იმ ქალს დედამისის გამონაცვალი ტანისამოსი აცვია.
– რას საქმიანობს მაინც არ მიპასუხე.
– ბიზნესმენია, მეტად ვერ დავკონკრეტდები. მეხუთე წელია ერთად ვართ.
– ამ ხნის განმავლობაში ცოლს ერთხელ მაინც არ გასჩენია ეჭვი?
– ეჭვი აქვს, რომ მისი ქმარი ვიღაცასთან დადის, მაგრამ ეს ვიღაც რომ მე ვარ, არ იცის. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ხშირად გადაუშლია ჩემთვის გული, უთქვამს, რომ მისი ქმარი გაცივდა, რომ ზედ აღარ უყურებს, რომ ურთიერთობა აღარ აქვთ, რომ არაფრის მაქნისია მისი ქმარი საწოლში. მე კი ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ტყუილი იყო. მეუბნებოდა, არ მესმის რატომ უყვართ ქალებს სექსი, ეს არასასიამოვნო პროცესიაო.
– რას გრძნობ ხოლმე ამ დროს, დანაშაულის გრძნობა არ გაწუხებს?
– დანაშაულის გრძნობა მხოლოდ მისი შვილების მიმართ მაწუხებს, ცოლთან – არა.
– არაფერში გამოუჭერიხარ ცოლს?
– არა, იმდენად ჭკვიანი არ არის, რომ გამომიჭიროს.
– მის ადგილზე წარმოგიდგენია საკუთარი თავი?
– არა, მე ასე სულელი არ ვიქნებოდი.
– რას იზამდი მის ადგილას?
– მაგრად მოვუხაზავდი საყვარელს. ჩემს მოშორებას რა უნდა. ჩემს ოჯახთან არ მაქვს ურთიერთობა, მამასთან ნაჩხუბარი ვარ. ჩემზე ხომ სტკივა მაინც გული, მისი შვილი ვარ. უბრალოდ, გამომიჭიროს და უთხრას ჩემს ოჯახს ან დამემუქროს, რომ ეტყვის.
– ეს გაგაჩერებს.
– რაღაც პერიოდით გამაჩერებს.
– გათხოვება, შვილები არ გინდა?
– არა, ეს მამაკაცი მინდა მხოლოდ გვერდით და მას ცოლად ვერ გავყვები. შვილები მაკავებს. იცით რას ვერ შევეგუები, ჩემთან რომ იყოს და შვილების სანახავად წავიდეს. ვიფიქრებ, რომ იმ ქალთან არის. ეს გამაგიჟებს.
– ახლა არ ნერვიულობ, როცა ცოლის გვერდით წევს?
– არა, ვიცი რაც ხდება იმ ოთახში, მშვიდად ვარ.
– როგორ? კამერები გაქვს დაყენებული?
– არა, ცოლ-ქმრის პირადი მიმოწერები მაქვს წაკითხული. ეჭვიანი ვარ. იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავს, ყოველ საღამოს ეჭვიანობის სცენები მაქვს. მე ვიწყებ კონფლიქტს, ის ითმენს. ერთხელ, ჩემი მეგობარი მივუგზავნე, ძალიან ლამაზი გოგოა, სკაიპში ელაპარაკა, მაგრამ ვერ „დაკერა“. მაშინ დავმშვიდდი. მაინც სულ ვაკონტროლებ. მისი ყველა სოციალური ქსელის პაროლი მაქვს. თვითონ არ იცის. რომ ვხედავ შემოსულია, მაშინ შევდივარ, რომ არ მიხვდეს.
– 47 წლის მამაკაცთან რომ ხარ, მომავალზე ფიქრობ? ათი წლის მერე როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა, წარმოგიდგენია?
– იგივენაირი. ის ცოტა მობერებული იქნება, მე ცოტა დაჭკვიანებული. რომ დაბერდება, მოვუვლი.

ნინო მჭედლიშვილი

წყარო: dainteresdit.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.